logo
ENG



მავნებლური და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში - ოპოზიცია ტიკარაძის განცხადებას აფასებს

17 აპრ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 

 

„მავნებლური და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში“ უწოდეს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ოპონენტებმა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიციამ ძალა დაუკარგა იმ აკრძალვებსა და რეკომენდაციებს, რომელსაც შეეძლო, მრევლი ერთი კოვზით ზიარების წინ შეეჩერებინა. მთელს მსოფლიოში დანამდვილებით ცნობილია, რომ მომაკვდინებელი ვირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება. 

ჯანდაცვის მინისტრი კი სააღდგომო ლიტურგიის წინ, მთავრობის ორმაგი სტანდარტისა და სასულიერო პირთა დაუმორჩილებლობის ფონზე ამბობს, რომ სამეცნიერო კვლევა სჭირდება საერთო კოვზით ზიარებისა ვირუსის გადაცემის დადგენას. მინისტრის ვერსია წარმოუდგენელია სპეციალისტებისთვის და ერთადერთი ახსნა რჩებათ, რომ ტიკარაძემ იხუმრა.

არის თუ არა ზიარების საერთო კოვზი ვირუსის გადამტანი - ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარიძის თქმით ამას სამეცნიერო კვლევა სჭირდება, რადგან კვლევები არ არსებობს ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ საკითხზე დასაბუთებული პასუხის გაცემა შეუძლებელია. 

აბსურდსა და უპასუხისმგებლოს უწოდებენ „ევროპულ საქართველოში“ მინისტრის განცხადებას. გიგა ბოკერიას თქმით, მინისტრმა ამ განცხადებით გაზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საერთო კოვზით ზიარებას არ ერიდება. 

კოვზებზე კვლევის ჩატარებას წარმოუდგენლად მიიჩნევს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. მისი თმით ამ საკითხზე მარტივი ჭეშმარიტება არსებობს რომელსაც კვლევები არ სჭირდება. 

ამავე აზრს იზიარებენ ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე სხვა სპეციალისტებიც. ისინი ტიკარაძის განცხადებას ალოგიკურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ამ განცხადებამ შესაძლოა უამრავი ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს და საზოგადოების ნაწილი სერიოზულად დააზარალოს. ზოგიერთი მათგანი იმედოვნებს, რომ მინისტრმა უბრალოდ იხუმრა. 

ახალი ტიპის კორონავირუსის, შესახებ ბევრი რამ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე დადგენილია, ის, რომ ვირუსი წვეთოვანი გზით გადადის. რა საფუძველი აქვს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ინფორმაციას არ ენდოს და რა კვლევის შედეგებს ელოდება, უცნობია.


close დახურვა